English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ პაატა კოღუაშვილიიოსებ არჩვაძე
საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფის თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები

 ჟურნალი N 2. 2023

ნებისმიერი სახელმწიფოს უსაფრთხოების არქიტექტონიკაში სასურსათო უსაფრთხოებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. აღნიშნული პრობლემა გამჭოლია სახელმწიფოებრიობის მრავალ - ვერტიკალურ (მაკროეკონომიკა-შინამეურნეობა-ადამიანი) და ჰორიზონტალურ (რეგიონულ-სივრცობრივ), ინსტიტუციურ, ორგანიზაციულ და მენტალური ასპექტით. უფრო მეტიც, არსებობს მაღალი კორელაცია სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების დონეთა შორის. განსაკუთრებით აქტუალურია ის ინსტიტუციური აღმშენებლობისა და განვითარების პროცესში მყოფი საქართველოსათვის, რომლის მოწყვლადობაც უშიშროების მხრივ, საფრთხეებითა და გამოწვევებით, სწორედ სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებითაა, განსაკუთრებით მაღალი - ერთი მხრივ, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და ეფექტიანობის შედარებით დაბალი დონის, მეორე მხრივ, კი ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაში მაღალი იმპორტდამოკიდებულების გამო. ქვეყნის მთავრობა სასურსათო უსაფრთხოების კრიზისულ ვითარებას უნდა დაუპირისპირდეს უფრო მიზანმიმართული, ეფექტიანი და გარკვეულწილად პროტექციონისტული აგრარული პოლიტიკით, რომლის მიზანი იქნება სასურსათო პროდუქტების წარმოების გაფართოება, მარცვლეულის მოსავლიანობისა და ნათესი ფართობების გაორმაგება, მეცხოველეობის პროდუქციის ზრდა, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და გადამამუშავებელი მრეწველობის მასშტაბების გაფართოება, აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლება, სოფლად სოციალურ-კულტურული მდგომარეობის გაუმჯობესება და მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენების ეფექტიანობის გაზრდა.

საკვანძო სიტყვები: სოფლის მეურნეობა, სურსათით უზრუნველყოფა, აგროსასურსათო პროდუქცია, თვითუზრუნველყოფა, იმპორტზე დამოკიდებულება.

შესავალი

სასურსათო უსაფრთხოება, მისი სრული, ფართო გაგებით, ორკომპონენტიანი ცნებაა: ჯერ ერთი, ის წარმოადგენს ცალკეული ქვეყნის (კონკრეტულ შემთხვევაში კი - ამა თუ იმ რეგიონის) მოსახლეობის სიცოცხლისა და ნორმალური ფიზიკური და სოციალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელ კვების პროდუქტებთან წვდომის შესაძლებლობას, მეორე მხრივ კი - ეს არის ქვეყნის მიერ სასურსათო პროდუქტების ისეთი რაოდენობით წარმოებისა და მათზე წვდომის იმგვარი პოტენციალი, რაც არ გახდის სახელმწიფოს სხვა ქვეყნებზე მეტისმეტად დამოკიდებულს, ამ უკანასკნელთაგან სურსათის მიწოდების პროცესის პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტად (ემბარგო, მიწოდების კაბალური პირობები, ფასებით მანიპულაცია და ა.შ.) გადაქცევის გარეშე.
ბუნებრივია, თითოეული შინამეურნეობის დონეზე სასურსათო უსაფრთხოება განისაზღვრება ისეთი სტაბილური შემოსავლით, რაც საკმარისია მის წევრთა ნორმალური ფიზიკური ფუნქციონირებისა და სოციალური აქტიურობისათვის.
მიუხედავად ბოლოდროინდელი გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნებისა, სოფლის მეურნეობა ჯერაც რჩება საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სუსტ რგოლად. ამ სფეროში შრომის მწარმოებლურობა, ეკონომიკის დანარჩენ სექტორებთან შედარებით, 3-4-ჯერ უფრო დაბალია და მიუხედავად იმისა, რომ შრომის ანაზღაურების თანაფარდობა საშუალო ქვეყნისმიერ მაჩვენებელთან გაცილებით აღემატება შრომის მწარმოებლურობით ანალოგიურ მაჩვენებელს (საშუალო ხელფასი სოფლის მეურნეობაში ეკონომიკის დანარჩენი სექტორების 2/3-ის დონეზეა, მაშინ როდესაც შრომის მწარმოებლურობა - 2/5-ზე ნაკლებია), აგრარულ სექტორში საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური მიმზიდველობა, პრესტიჟულობა, ჯერაც საკმაოდ დაბალია. აღნიშნული გარემოება იწვევს ამ სექტორიდან სამუშაო ძალის სისტემატურ გადინებას ეკონომიკის სხვა სექტორებში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სოფლად კი სულ უფრო მეტად შეინიშნება მისი დეფიციტი.

სასურსათო თვითუზრუნველყოფის დონე საქართველოში

აგრარულ სექტორიდან სამუშაო ძალის სისტემატური გადინება და სოფლად მისი დეფიციტი ადეკვატურად აისახება სოფლის მეურნეობის როლსა და წონაზე ქვეყნის ეროვნულ მეურნეობასა და სასურსათო უზრუნველყოფაში. 1990 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში 4-ჯერ და მეტად შემცირდა (1990 წლის 30.0%-დან 2022 წლის 7.0%-მდე), მათ შორის ხორბლის წარმოება - დაახლოებით 2.4-ჯერ, სიმინდის წარმოება - 1.2-ჯერ, კარტოფილის - 3.9-ჯერ, ბოსტნეულის - 3.0-ჯერ, ხორცის - 2.3-ჯერ, კვერცხის - 1.2-ჯერ. მოსავლიანობის დონე საქართველოში საშუალო-ევროპულზე დაახლოებით 3-4-ჯერ დაბალია. კიდევ უფრო მეტად ჩამორჩება პროდუქტიულობა სხვა ასპექტებითაც, მაგალითად, ფურის საშუალო წველადობა (1543 ლიტრი) საქართველოში საშუალო ევროპულ დონეზე (დაახლოებით 9000 ლიტრი) თითქმის 6-ჯერ ნაკლებია.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეინიშნება საგულისხმო ტენდენცია: სწრაფად იზრდება სოფლის სამეურნეობის პროდუქციისა და კვების პროდუქტების იმპორტი საქართველოში. მისი მოცულობა საქართველოში 2022 წელს - XXI საუკუნის დასაწყისთან შედარებით 11.0-ჯერ გაიზარდა, მაშინ როდესაც ქვეყნის ეკონომიკა - დაახლოებით, 3.1-ჯერ, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქცია - მხოლოდ 1.6-ჯერ. ასეთი იმპორტდამოკიდებულება, იმის გარდა, რომ ამცირებს სამუშაო ადგილების რაოდენობას და განაპირობებს უმუშევრობის (პარალელურად - ემიგრაციის მოტივაციის) ზრდას, იწვევს ქვეყნიდან სავალუტო რესურსების გადინებას. მხოლოდ ბოლო ათი წლის მანძილზე, აგროსასურსათო პროდუქციის უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ჯამურმა სიდიდემ, 3.5 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მთლიანად საუკუნის დასაწყისიდან - 11.0 მლრდ. აშშ დოლარს.
დიაგრამა

 

წყარო: დიაგრამა შედეგენილია ავტორების მიერ geostat.ge. მასალების გამოყენები
ცხრილი 1 კი გვიჩვენებს ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რესურსებში იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციის თანაფარდობას.

იმპორტის თანაფარდობა ადგილობრივ წარმოებასთან ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახეობათა მიხედვით 2021 წელს (%)

ცხრილი 1

წყარო: ცხრილი შედეგენილია ავტორების მიერ geostat.ge. მასალების გამოყენებით

რაც შეეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს სამომხმარებლო პროდუქტებს, როგორიცაა ზეთი და შაქარი, ქვეყნის რესურსებში ადგილობრივი წარმოების წილი უმნიშვნელოა და ქვეყანას ყოველწლიურად მათ იმპორტი ათეულობით მლნ აშშ დოლარი უჯდება (2022 წელს ზეთის იმპორტმა საქართველოში შეადგინა 55.2 მლნ აშშ დოლარი, შაქრის - 94.4 მლნ აშშ დოლარი).
უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყნის თვითუზრუნველყოფის დონე შეადგენს: ხორბლით - 22 %-ს, სიმინდით - 74 %-ს, კარტოფილით - 115 %-ს, ბოსტნეულით - 61 %-ს, ხორცით - 51 %-ს, რძითა და რძის პროდუქტებით - 81 %-ს, კვერცხით - 98 %-ს, ზეთით - 4 %-ს, შაქრით - 0 %-ს.
ფაქტობრივად, საქართველოს თვითუზრუნველყოფის დონის მიხედვით დასახელებული პროდუქტები შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს:
1. მაღალი - პროდუქტები, რომელთა ადგილობრივი წარმოების წილი სამომხმარებლო რესურსებში მაღალია (90% და მეტი). განვითარების თანამედროვე ეტაპზე ჩვენი ქვეყნისათვის ასეთებია კარტოფილი და კვერცხი;
2. საგრძნობი დეფიციტის მქონე ჯგუფი. ასეთებს მიეკუთვნება ხორცი, რძე და რძის პროდუქტები, ბოსტნეული, სიმინდი,რომელთა თვითუზრუნველყოფის დონე მერყეობს ½-დან ¾-მდე;
3. მწვავე დეფიციტის პროდუქტები. თვითუზრუნველყოფის დონე ამ ჯგუფის პროდუქტებში 25%-ზე დაბალია (ხორბალი, შაქარი, ზეთი).
მიუხედავად საკმაოდ მაღალი შემეცნებითი და გამოყენებითი ღირებულებისა, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი არ გამოდგება სასურსათო უსაფრთხოების მყარ, ობიექტურ ინდიკატორად. ის, მართალია, გვიჩვენებს შესაბამისი პროდუქციის ბალანსში ადგილობრივი წარმოების წილს, მაგრამ არ აჩვენებს თუ როგორია მოსახლეობის შესაბამისი პროდუქტით უზრუნველყოფა მოხმარების რაციონალური ნორმასთან მიმართებით. მაგალითად, ხორცის თვითუზრუნველყოფის დონე რომ 51 %-ია, მიანიშნებს, რომ მოსახლეობის ერთ სულზე საშუალოწლიური მოხმარებული 38 კგ-დან დაახლოებით 19.4 კგ ადგილობრივი წარმოებისაა, მაგრამ თავად ეს 38კგ, რომ რაციონალური სამომხმარებლო დონის (63 კგ წელიწადში) მხოლოდ 60 %-ია, უკვე აბსოლუტურად განსხვავებული კონტექსტით აყენებს სასურსათო უშიშროების პრობლემას. ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარების რაციონალური დონის მისაღწევად აუცილებელიასულადობრივი წლიური მოხმარება ფაქტობრივზე 25 კგ-ით მეტი იყოს! ეს კი მოითხოვს ადგილობრივი წარმოების ან იმპორტის ამჟამინდელ დონეებთან შედარებით ზრდას დაახლოებით 2.3-ჯერ. იმპორტის ხარჯზე აღნიშნული დეფიციტის დასაფარად საჭიროა წლიური იმპორტის ზრდა ამჟამინდელი 93.1 მლნ აშშ დოლარიდან 216.0 მლნ-ამდე. თითოეულ შინამეურნეობას კი, ხორცისა და ხორცპროდუქტების შესაძენად, მათზე ფასებისა და შინამეურნეობის სულადობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად დასჭირდება დამატებით დაახლოებით 100-100 ლარი, რაც შინამეურნეობათა ამჟამინდელი შემოსავლების დაახლოებით 8 %-ია.
ამრიგად, ამ კონკრეტულ სამომხმარებლო პროდუქტთან და ზოგადადაც, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტა ერთდროულად გადის შესაბამისი რესურსების წარმოების/იმპორტისა და მოსახლეობის შემოსავლების პარალელურ საგრძნობ ზრდაზე.
სასურსათო უსაფრთხოების სერიოზულ ინდიკატორად შეიძლება განხილულ იქნეს აგრარულ სექტორში წარმოებული პროდუქციის მოცულობის და აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტის მაჩვენებლების თანაფარდობა. მართალია, მათ ფორმირებას ფასწარმოქმნის სხვადასხვა მეთოდოლოგია უდევს საფუძვლად, მაგრამ ზოგადი ტენდენციის დასახასიათებლად საკმაოდ ობიექტურ სურათს წარმოაჩენს.

საქართველოში აგრარულ სექტორში წარმოებული დამატებული ღირებულება და აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი და ექსპორტი 2010-2022 წლებში
(მლნ აშშ დოლარი)

ცხრილი 2.

წყარო: ცხრილი შედეგენილია ავტორების მიერ geostat.ge. მასალების გამოყენებით

აღნიშნული ცხრილი ორი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა: ერთი -იზრდება იმპორტის თანაფარდობა ადგილობრივ წარმოებასთან. - მიუხედავად საქართველოს აგრარული სექტორის ზრდისა, რომელიც 2010 წლის შემდეგ თითქმის 1.5-ჯერ, გაიზარდა, იმავე პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი ფაქტობრივად გაორმაგდა, რის გამოც ამ უკანასკნელის თანაფარდობამ აგრარულ სექტორის პროდუქციის ღირებულებასთან 32.3 პუნქტით მოიმატა;
მეორეც, იმპორტის ზრდის პარალელურად, საგრძნობლად იზრდება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიც - ის 2010 წლის 349.3 მლნ აშშ დოლარიდან 2022 წლისთვის, 1261.7 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა (3.6-ჯერ), რაც კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ამცირებს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ადგილობრივი წარმომავლობის პროდუქციის წილს, რომელიც ამჟამად 15-20%-ს არ აღემატება.
ასეთ პირობებში ადგილობრივი ბაზრის გაჯერება სურსათით ქმნის კარგი მდგომარეობის ილუზიურ ეფექტს - ბაზრის გაჯერება დიდწილად უკავშირდება მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის დაბალ გადახდისუნარიანობას. მათი შემოსავლების გაცილებით მაღალი დონის პირობებში სასურსათო პროდუქციის უმეტესი სახეობების მიხედვით ამ პროდუქციის ამჟამინდელი მიწოდების მასშტაბი (ადგილობრივი წარმოება + იმპორტი - ექსპორტი) ვერ იქნებოდა საკმარისი მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, თვით ფიზიოლოგიურად რეკომენდებული ნორმების ფარგლებში. ამის გარდა, იმპორტზე მეტისმეტი დამოკიდებულება ზრდის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების სიმყიფეს და რისკებს გარე ნეგატიური ფაქტორების დადგომის (მიწოდების არახელსაყრელი პირობების) შემთხვევაში.

სასურსათო იმპორტდამოკიდებულებით გამოწვეული საფრთხეები

იმპორტზე მეტისმეტი დამოკიდებულება, მით უფრო, თუ საქონლის იმპორტში რომელიმე ქვეყანას მონოპოლიური მდგომარეობა უკავია, მიმღებ ქვეყანას მიწოდების პოტენციური მძევლად აქცევს სულ ცოტა, სამი საფრთხის არსებობით:
1. მიწოდების მყისიერი შეწყვეტა, ემბარგო ან სანქციები აღნიშნულ პროდუქციაზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგანაც საჭირო იქნება მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა, რაც დროში გაჭიანურებული პროცესია. ამასთან, ამგვარი ვითარება, როგორც წესი, საგრძნობლად აძვირებს პროდუქციის ფასს სამომხმარებლო ბაზარზე;
2. მიმწოდებელ ქვეყანაში ექსპორტის კვოტირება, საექსპორტო მოსაკრებლების შემოღება (ზრდა) ასევე აძვირებს პროდუქციის ღირებულებას და ასევე პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის კეთილდღეობას;
3. არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მიმწოდებელი ქვეყნის მიერ სუბსიდირების შემთხვევაში, იმპორტირებული პროდუქციის ბაზარზე დემპინგური ფასებით რეალიზაცია, ძირს უთხრის აღნიშნული პროდუქციის ადგილობრივი წარმოების რენტაბელობას, ზოგადად, მისი წარმოების მიზანშეწონილობას და იწვევს იმპორტდამოკიდებულების ზრდას. ამის მკაფიო მაგალითია ფქვილის იმპორტი რუსეთიდან, რამაც ბოლო დროს არარენტაბელური გახადა ადგილობრივი მარცვლეულის წარმოება და სერიოზულად დააზიანა ადგილობრივი წისქვილკომბინატების საქმიანობაც - გამოიწვია რა მათი ფაქტობრივი გაჩერება და აღნიშნულ ბიზნესთან დაკავშირებული მრავალი ათასი ადამიანის უმუშევართა კატეგორიაში გადაყვანა. წისქვილკომბინატებისდახურვა კი ნიშნავს არამხოლოდერთიკონკრეტული დარგისგაჩერებას, მასჯაჭვურად, „დომინოს პრინციპით“ მიჰყვებასხვადასხვამწარმოებლის პრობლემათა „თაიგული“. წისქვილკომბინატებისდახურვაიწვევს იმას, რომ ვეღარ ხერხდება ადგილობრივი მწარმოებლებისაგან ხორბლის შესყიდვა.მარცვლეულის ადგილობრივ მწარმოებლებს საქართველოში 2023 წლის გაზაფხულისათვის სარეალიზაციოდ დარჩათ თითქმის 30 ათასი ტონა ხორბალი, რაც უკავშირდება რუსეთიდან თითქმის 1/3-ით გაიაფებული ფქვილის იმპორტს. მაგრამ თუ წინა წლის მოსავლის რეალიზაცია ვერ მოახდინეს, მიმდინარე წელს წარმოება ეკონომიკურ, კომერციულ აზრს კარგავს, ანუ სასურსათო და აქედან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოებისათვის მოვლენათა ნეგატიური განვითარების სცენარი უფრო რეალისტურ და კონკრეტულ კონტურებს იძენს. ამასთან, აღნიშნული საფრთხე, ეროვნული ვალუტის შემდგომი გამყარების პირობებში (ეროვნული ვალუტა ბოლო ორ წელიწადში აშშ დოლართან 21 პუნქტით გამყარდა) სამომხმარებლო დოვლათის სხვა სახეობებსაც ემუქრება, რაც, საბოლოო ანგარიშით, ქვეყნის ეკონომიკის ე.წ. „ჰოლანდიური ავადმყოფობით“ შეიძლება დასრულდეს.
სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აღნიშნულ ვითარებას ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა დაუპირისპიროს უფრო მიზანმიმართული, ეფექტიანი და გარკვეულწილად, პროტექციონისტული აგრარული პოლიტიკა, ადგილობრივი კვების პროდუქტების, სურსათის წარმოების, შესაბამისი სანედლეულო ბაზისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე გადამამუშავებელი მრეწველობის მასშტაბების გაფართოება, აგრარულ სექტორში შრომის სოციალური და ეკონომიკური პრესტიჟულობის ამაღლება, სასურსათო რეგიონული ბაზრების განვითარება, რაც უზრუნველყოფს ლოკალიზებული სასურსათო რესურსების რეპროდუქციას (აღწარმოებას) და რეგიონული და რეგიონთაშორისი სასურსათო პროდუქციის ეკონომიკური ურთიერთობების მთელი ერთობლიობით (წარმოება, განაწილება, გაცვლა და მოხმარება) განსაზღვრულ სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს. მნიშვნელოვან რეზერვს ამ მიმართულებით წარმოადგენს ქვეყნის მიწის ფონდის (ჯერაცსახელმწიფო საკუთრებაში მქონე85%), გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებაც.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობა, თითქოს ადვილად აღქმადი და გაცნობიერებულია საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა დონეზე, მისდამი დამოკიდებულება ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა იდეალურისაგან, რაც ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს და რისკებს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის სწორედ სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ: სოფლის მეურნეობის, ზოგადად კი ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების ზრდის დინამიკა ჩამორჩება დროის მოთხოვნებს, ცალკეული კვების პროდუქტებით, რომლის ადგილზე წარმოების პოტენციალი ქვეყანას ნამდვილად გააჩნია, თვითუზრუნველყოფის დონე (ხორცი, ხორბალი, ზეთი და სხვ.) დაბალი ან კრიტიკულად დაბალია. თანაც, თვითუზრუნველყოფის დონე განისაზღვრება, ფაქტობრივად, განკარგვად რესურსებთან მიმართებით, მაშინ როდესაც თვით ამ რესურსების მოცულობის თანაფარდობა მთელი ქვეყნის მოსახლეობის შესაბამისი კვების პროდუქტებით რაციონალურ დონეზე უზრუნველყოფასთან მხოლოდ დაახლოებით 50-80 %-ის დონეზეა. შრომის დაბალი მწარმოებლურობა და შესაბამისად, შედარებით დაბალი ანაზღაურება (მიუხედავად ცალკეული სეგმენტური წარმატებებისა და მწარმოებლურობისგარღვევებისა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ინვესტიციების მოზიდვისა და ანაზღაურების მხრივ, რომელთაც ჯერაც არ მიუღიათ სისტემური ხასიათი), ქმნის საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს სოფლის მოსახლეობის ყველაზე მობილური, შრომისუნარიანი ნაწილის მიგრაციისა ქალაქ ადგილებში ან უცხოეთში. ეს კი ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის პრობლემას უკვე სხვა - დემოგრაფიული და სამხედრო - მიმართულებებითაც.
სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, გარკვეული საფრთხის მატარებელია ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებში იმპორტირებული, არც თუ იშვიათად, დემპინგური პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდა ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით. შესაბამისად, იზრდება ხელისუფლების მიერ უფრო აქტიური, მოქნილი, ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკის წარმოების აუცილებლობა ხსენებული ნეგატიური ეფექტის ნეიტრალიზებისათვის. ამ მიმართულებით პერსპექტიულად გვესახება დაწესებულიქნესდამაბალანსებელისაიმპორტომოსაკრებელიიმპორტირებულფქვილზე, რაცგაათანაბრებსფქვილისადახორბლისიმპორტისსაგადასახადორეჟიმებს.
ამასთან, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესმა უნდა მოიცვას როგორც წარმოების, ასევე მიმოქცევისა და რეალიზაციის სფეროებიც, რომელშიც პროტექციონისტული და ფისკალური ზომების ერთობლიობა უზრუნველყოფს კუმულატიურ პოზიტიურ ეფექტს,ადგილობრივ მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მხრივ. კერძოდ, ნორმატიულ დონეზე (საგადასახადო კოდექსში) უნდა აისახოს ეკონომიკურად ძლიერიქვეყნების გამოცდილება პურზედღგ-ისტარიფის 7-8%-მდეშემცირებისან საერთოდ განულების თაობაზე. მოკლედ, სახელისუფლებო სტრატეგია უნდა ისახავდეს ორერთიანი ამოცანის გადაწყვეტას: ადგილობრივი მეწარმეების დაცვის უზრუნველყოფა ისე, რომ არ დაზარალდეს ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესები და გააუმჯობესოს ამ უკანასკნელთა წვდომა (მყიდველობითუნარიანობა) პურსა და პურპროდუქტებზე.
სახელმწიფოს ეკონომიკური, აგრარული პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს დღეისათვის ქვეყანაში არსებული ყველა რესურსის, მათ შორის მიწის გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება, სამუშაო ძალის, მიწის რესურსთან და სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვა კომპონენტებთან კავშირის, მოტივაციის მკვეთრი ზრდა შესაბამისი ეკონომიკური, ფინანსური ბერკეტების გამოყენებით, მათ შორის - სუბსიდირების სიტემის, საგადასახადო შეღავათებისა და შეღავათიანი საკრედიტო სისტემის ფორმირებით.
სასურსათო უსაფრთხოება არამარტო ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია, არამედ, თავისი არსით და გავლენით, საზოგადოების წევრთა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, მათ ეკონომიკურ და სოციალურ აქტიურობასა და მოტივაციაზეზეგავლენით, მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ეროვნული უსაფრთხოების სხვა კომპონენტებზეცმ, და შესაბამისად, საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან გაცილებით მეტ ინსტიტუციურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ მხარდაჭერას და უზრუნველყოფას.

ლიტერატურა:

• კოღუაშვილი პ.(2020).სოფლის მეურნეობის ეკონომიკა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი
• ასათიანი რ.,კოღუაშვილი პ.(2023). საქართველოს სოფლის მეურნეობა - გამოწვევები და პერსპექტივები. - თბილისი, „პოლიგრაფი“
• კოღუაშვილი პ., არჩვაძე ი. (2020). - საარსებო მინიმუმი საქართველოში და მისი ოპტიმალური დონის განსაზღვრის აუცილებლობა. „ეკონომიკა და ბიზნესი“, N1.
• კოღუაშვილი პ., არჩვაძე ი.(2020) საქართველოს სოფლის მეურნეობა თანამედროვე გამოწვევების წინაშე (2020).„ეკონომიკა და ბიზნესი“, N3.
• კოღუაშვილი პ., არჩვაძე ი. (2022). სასურსათო უშიშროება - ეროვნული უშიშროების საფუძველი. – „ეკონომიკური პროფილი“, N1 (23).
• არჩვაძე ი.(2017). აგრარული სექტორის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საქართველოს ეკონომიკაში. – „ეკონომიკური პროფილი“, N17.
• ჭითანავა ნ. (2015).საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები. - ივერიონი,თბილისი.
• საქართველოს სოფლის მეურნეობა. (2021). სტატისტიკური პუბლიკაცია. - თბილისი, 2022.
• Kharaishvili, E., Suknishvili, M. (2021). Agribusiness development trends in Georgia: modern challenges and solutions. Economics. Ecology. Socium, N5(4).-Retrieved from https://ees-journal.com/index.php/journal/article/view/182
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალები. – geostat.ge.